English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ირაკლი ასლანიშვილი
ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო პირობების როლი ვიშეგრადის ქვეყნებში ბიზნეს გარემოს განვითარებაში

რეზიუმე. წინამდებარე სტატიის მიზანია ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყნების (ვიშეგრადული ოთხეულის) ეკონომიკური საქმიანობის შეფასება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ისა და სხვა რჩეულ სოციო-ეკონომიკურ მაჩვენებელთა გათვალისწინებით. 

წარმატებული ეკონომიკის მიზანია არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, არამედ მოსახლეობის ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ეკონომიკის წარმატება უნდა იზომებოდეს სოციალური და სოციო-ეკონომიკური მაჩვენებლებით, რომლებიც ასახავენ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი რელევანტური მაჩვენებელი არის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ). მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე ფართოდ გამოყენებული მაჩვენებელია, ის ბოლო დროს კრიტიკის ქვეშ მოექცა. ამიტომ საჭიროა ეკონომიკური წარმატების შეფასებისას ისეთი ცვლადების გათვალისწინება, რომლებიც გულისხმობს სოციალურ მაჩვენებლებს. ესენია: ეკონომიკური კეთილდღეობა, ადამიანის განვითარების ინდექსი, კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, კეთილდღეობის ინდექსი, კორუფციის აღქმის ინდექსი და სხვა.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური საქმიანობის შეფასება, ვიშეგრადის ქვეყნები, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ),  ადამიანის განვითარების ინდექსი, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 

შესავალი

წინამდებარე სტატიის მიზანია ვიშეგრადული ოთხეულის (სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის) საქმიანობის შესწავლა და შედარება ისეთი მაჩვენებლების მეშვეობით, როგორიცაა მშპ, HDI, კონკურენტუნარიანობის ინდექსი და IEF.

პირველი მაჩვენებელი არის ერთ სულ მოსახლეზე მშპ. ვიშეგრადულ ოთხეულში ერთ სულ მოსახლეზე მშპ მოყვანილია ილუსტრაცია 1-ში. აღნიშნული გრაფა ასახავს ყოველწლიურ ზრდას, გარდა 2009 წლისა, როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის შემცირება. ჩეხეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ ასევე შემცირდა 2011 წელს. ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე სწორედ ჩეხეთს გააჩნდა. 2000 წელს ჩეხეთის მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 6500 ევროს, ხოლო 2014 წელს - 14,700 ევროს, რაც 126%-იან ზრდას წარმოადგენს.

  

ილუსტრაცია 1. ერთ სულ მოსახლეზე მშპ ვიშეგრადული ჯგუფის წევრ ქვეყნებში (მიმდინარე ფასები, ევრო). [წყარო:ევროსტატის (2015) მონაცემებზე დაყრდნობით].

2000-2006 წლებში უნგრეთს გააჩნდა ჩეხეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა, 2007 წელს უნგრეთს გაუსწრო სლოვაკეთმა, ხოლო 2012 წელს - პოლონეთმაც. 2000 წელს უნგრეთის მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 5000 ევროს, ხოლო 2014 წელს - 10,600 ევროს, რაც 112%-იან ზდას წარმოადგენს. 2000 წელს უნგრეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჩეხეთის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 76.92%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს - მხოლოდ 72.11%-ს. საანგარიშო პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე სწრაფი ზრდა სლოვაკეთში დაფიქსირდა. 2000 წელს სლოვაკეთის მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 4100 ევროს, ხოლო 2014 წელს - 13,900 ევროს, რაც 239%-იან ზრდას წარმოადგენს. 2000 წელს სლოვაკეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჩეხეთის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 63.08%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს -  94.56%-ს. პოლონეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით 2003 წლის შემდეგ განვითარდა დადებითად. 2000 წელს პოლონეთის მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 4900 ევროს, ხოლო 2014 წელს - 10,700 ევროს, რაც 118%-იან ზრდას წარმოადგენს. 2000 წელს პოლონეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ჩეხეთის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 75.38%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს -  72.80%-ს. რეალური მშპ, როგორც ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი, წარმოადგენს მშპ-ის ზრდის შეფასების საფუძველს. ილუსტრაცია 2 ასახავს ეკონომიკური ზრდის განვითარებას ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში.

 

ილუსტრაცია 2. ეკონომიკური ზრდის განვითარება ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში (%). [წყარო: ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით].

საანგარიშო პერიოდში ვიშეგრადული ჯგუფის ქვეყნებში მშპ-ის ზრდის ტემპი ცვალებადობით ხასიათდებოდა. სლოვაკეთის მშპ პირველ წლებში მცირე ტემპით იზრდებოდა, ხოლო 2007 წლისთვის ზრდის ტემპმა 10.7%-ს მიაღწია, რაც ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. თუმცა, 2009 წლის ეკონომიკურ კრიზისს სლოვაკეთში მშპ-ის 5.7%-ით შემცირება მოყვა შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წლებში მშპ-ის წრდის ტემპი დადებითი იყო, ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა კრიზისამდე პერიოდის მაჩვენებლებს.

ჩეხეთში მშპ-ის ზრდის ტემპი სლოვაკეთის მსგავსად ვითარდებოდა, თუმცა ჩეხეთის შემთხვევაში, 2006 წელს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებელი მხოლოდ 6.5%-ს შეადგენდა. 2009 წლის კრიზისმა ასევე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ჩეხეთზე - ქვეყნის მშპ 5.4%-ით შემცირდა. შემდეგი ორი წლის მანძილზე მშპ-ის წრდის ტემპი დადებითი იყო, თუმცა, 2012 და 2013 წლებში ის კვლავ შემცირდა. უნგრეთში მშპ-ის ზრდის ტემპი სხვანაირად განვითარდა. 2005 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი დავარდა, ხოლო 2009 წლის კრიზისის შედეგად ის 6.4%-ით შემცირდა. შემდგომში უნგრეთის მშპ ზომიერად გაიზარდა (გარდა 2012 წლისა); 2014 წელს ქვეყნის რეალური მშპ 4%-ით გაიზარდა. პოლონეთში რეალური მშპ ყოველწლიურად იზრდებოდა. საუკეთესო შედეგი 2007 წელს დაფიქსირდა (7.2%). ეკონომიკურმა კრიზისმა ზრდის ტემპი მცირედ შეანელა.

ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) ადამიანის განვითარებას დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, განათლების დონისა და ცხოვრების ხარისხის მიხედვით აფასებს. ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში 2000-2014 წწ. პერიოდში HDI-ის მაჩვენებელთა განვითარება მოყვანილია ილუსტრაცია 3-ში. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩეხეთში დაფიქსირდა. 2000 წელს ჩეხეთის ინდექსი 0.821-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წლისთვის ის 0.870-მდე გაიზარდა. ოთხეულის სხვა ქვეყნების შემთხვევაში არ ფიქსირდება ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები. HDI-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უნგრეთს გააჩნია. ცხრილი 1 ასახავს 2014 წელს ვიშეგრადული ჯგუფის ქვეყნებში HDI-ის მაჩვენებლებს. 

ილუსტრაცია 3. HDI-ის განვითარება ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში. [ წყარო: UNDP-ის მონაცემებზე დაყრდნობით (2015) ]

  

ჩეხეთს ყველა კომპონენტში საუკეთესო პოზიცია უკავია. იქ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა უნგრეთისას 3.4 წლით აღემატება. სრულწლოვანთა სწავლის ყველაზე მცირე საშუალო ხანგრძლივობა უნგრეთში, ხოლო ბავშვთა სწავლის ყველაზე მცირე მოსალოდნელი ხანგრძლივობა სლოვაკეთში ფიქსირდება. ოთხეულის ქვეყნებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობები ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მხრივ. ყველაზე უარესი შედეგის მქონე უნგრეთში, აღნიშნული მაჩვენებელი, ჩეხეთში დაფიქსირებული დონის თითქმის 86%-ს შეადგენს. 

ცხრილი 1. HDI-ის ძირითადი მაჩვენებლები ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში, 2014. 

ქვეყანა

რეიტინგი

ინდექსი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლ.

სრულწლოვანთა სწავლის ხანგრძლ.

ბავშვთა სწავლის ხანგრძლ.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP USD)

 

 

 

 

 

 

 

სლოვაკეთი

35

0,844

76.3

12.2

15.1

25,845

ჩეხეთი

28

0,870

78.6

12.3

16.4

26,660

უნგრეთი

44

0,828

75.2

11.6

15.4

22,916

პოლონეთი

36

0,843

77.4

11.8

15.5

23,177

 [წყარო: UNDP-ის მონაცემებზე დაყრდნობით (2015) ]

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში (GCI) ინდივიდუალური ქვეყნების შედეგების შესწავლა შესაძლებელია მიღწეული ქულების (ინდექსის მნიშვნელობის) ან ქვეყნების რეიტინგის საფუძველზე. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ შეფასებული ქვეყნების რაოდენობა იცვლება. GCI-ის ბოლო შედეგები გამოქვეყნდა 2015 წელს, როდესაც მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 140 ქვეყანა შეაფასა. ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში GCI-ის მაჩვენებელთა განვითარება მოყვანილია ილუსტრაცია 4-ში.

აღნიშნული ილუსტრაციიდან ჩანს, რომ 2004-2015 წწ. ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლები 3.99-იდან 4.74-მდე მერყეობდა. საანგარიშო პერიოდში ჩეხეთმა GCI-ში ყველაზე მაღალ შედეგს 2006 წელს მიაღწია (4.74). ქვეყნის კონკურენტუნარიანობა შემდგომში დაეცა და 2013 წელს 4.43 შეადგინა, თუმცა, 2015 წლისთვის ის კვლავ გაიზარდა 4.69-მდე. ოთხეულის ქვეყნებიდან GCI-ში საუკეთესო შედეგს 2013 წელს პოლონეთმა მიაღწია. 2006 და 2010 წლებში მისი კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2004 წელს უნგრეთს კონკურენტუნარიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნდა ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის შედეგები ცვალებადობით ხასიათდებოდა, ხოლო ბოლო წლებში უარესდებოდა. კონკურენტუნარიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები სლოვაკეთს გააჩნია. 2006 წელს დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, სლოვაკეთის GCI-ის მაჩვენებელი 2013 წლისთვის 4.55-იდან 4.1-მდე შემცირდა, ხოლო შემდეგი ორი წლის პერიოდში ის კვლავ გაიზარდა (2015 წლის მონაცემებით - 4.22). 2006–2008 წწ. პერიოდში სლოვაკეთი ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე იმყოფებოდა კონკურენტუნარიანობის მხრივ. თუმცა, 2010 წლიდან მოყოლებული, ოთხეულის ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ქვეყანა სწორედ სლოვაკეთია. აღნიშნული მონაცემები ასახულია ცხრილში 2. 

ცხრილი 2. ვიშეგრადული ოთხეული ქვეყნების პოზიციები GCI-ის ინდექსში 

წელი

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სლოვაკეთი

43

41

37

41

46

47

60

69

71

78

75

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

67

ჩეხეთი

40

38

29

33

33

31

36

38

39

46

37

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

31

უნგრეთი

60

51

48

47

62

58

52

48

60

63

60

63

პოლონეთი

39

39

41

51

53

46

39

41

41

42

43

41

ქვეყნების რაოდ.

104

117

125

131

134

133

139

142

142

148

144

140

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 [წყარო: WEF-ის მონაცემებზე დაყრდნობით(2014) ]

კონკურენტუნარიანობის ინდექსში სლოვაკეთის პოზიცია 2007 წლიდან ყოველწლიურად უარესდებოდა და 2013 წელს ქვეყანა რეიტინგში 78-ე ადგილზე აღმოჩნდა. 2014 წელს სლოვაკეთმა 75-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო 2015 წელს - 67-ე ადგილზე. მისი მდგომარეობის ყველაზე მკვეთრი გაუარესება 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც სლოვაკეთი რეიტინგში 13 პოზიციით დაქვეითდა. ჩეხეთის კონკურენტუნარიანობა ასევე შემცირდა 2012 და 2013 წლებში, როდესაც ქვეყანა რეიტინგში ჯერ 39-ე, ხოლო შემდეგ 46-ე პოზიციაზე დაქვეითდა. ილუსტრაცია 4 -ისა და ცხრილი 2 -ის მიხედვით, ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანობის კომპონენტში ყველაზე დადებითი განვითარება პოლონეთს ჰქონდა.

ილუსტრაცია 4. GCI-ის მაჩვენებელთა განვითარება ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში. [წყარო: WEF-ის მონაცემებზე დაყრდნობით  (2014)]                                                                            

                                 

GCI-ის ბოლო შედეგების თანახმად, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა გადაინაცვლეს მესამე ეტაპზე. უნგრეთი და პოლონეთი მეორე და მესამე ეტაპებს შორის იმყოფებიან. ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნების პოზიციათა დეტალური შესწავლა გვაჩვენებს, რომ სლოვაკეთის 2013 წლის პოზიცია (78) ისტორიულად ყველაზე უარეს შედეგს წარმოადგენს ოთხეულის ქვეყნებს შორის. ევროკავშირის მასშტაბით, უარესი შედეგები დააფიქსირეს მხოლოდ ხორვატიამ (77-ე პოზიცია) და საბერძნეთმა (81-ე პოზიცია). ილუსტრაცია 5 ასახავს ვიშეგრადული ოთხეული ქვეყნების პოზიციებს GCI-ის ინდექსში შეფასების სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით (2015 წლის მდგომარეობით).

ზოგადად, ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებმა საუკეთესო შედეგებს მე-4 კომპონენტში მიაღწიეს (ჯანდაცვა და დაწყებითი სწავლა). ჩეხეთი მეტად წარმატებულია მე-3 და მე-9 კომპონენტებში, ხოლო პოლონეთი - მე-10 კომპონენტში, რადგან მას გააჩნია ყველაზე მსხვილი ბაზარი ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის. ოთხეულის ქვეყნებმა ყველაზე უარესი შედეგები ინსტიტუციებისა და ინოვაციების კომპონენტებში დააფიქსირეს. აღნიშნულ კომპონენტებში სლოვაკეთი ჩამორჩება ვიშეგრადული ოთხეულის სხვა ქვეყნებს.

ილუსტრაცია 6 ასახავს ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის (IEF) მიხედვით. აღნიშნული ილუსტრაციის თანახმად, 2004-2011 წწ.  სლოვაკეთი დადებითად ვითარდებოდა. 2005-2008 წწ. პერიოდში სლოვაკეთს საუკეთესო შედეგები გააჩნდა ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის. ბოლო წლებში ჩეხეთმა მიაღწია IEF-ის საუკეთესო მაჩვენებელს ოთხეულის ქვეყნებს შორის (2015 წლის მდგომარეობით - 72.5%). 2004-2013 წწ.  ყველაზე უარესი შედეგები დააფიქსირა პოლონეთმა, თუმცა, ბოლო წლების ტენდენცია აქაც დადებითია: 2007-იდან 2015 წწ.პოლონეთის მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზარდა 58.1%-იდან 68.6%-მდე. აღნიშნული შედეგით პოლონეთი ჩეხეთის შემდეგ მეორე ადგილზეა ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის. უნგრეთის საუკეთესო შედეგი IEF-ის ინდექსში (67.6%) 2008 წელს დაფიქსირდა. 2000 წელს, IEF-ის ინდექსში ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნების შედეგებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა იყო (14.8%-მდე), თუმცა 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5.7%-მდე შემცირდა. ცხრილი 3 ასახავს ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნების პოზიციებს IEF-ის ინდექსში.

ილუსტრაცია 5. ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნების წარმატება GCI-ის კომპონენტებში (2015).  [წყარო: WEF-ის მონაცემებზე დაყრდნობით] 

                                                                                                        

შენიშვნა: 1: ინსტიტუციები, 2: ინფრასტრუქტურა, 3: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, 4: ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება, 5: უმაღლესი განათლება და ტრენინგი, 6: ბაზრის საქონლის ეფექტიანობა, 7: შრომის ბაზრის ეფექტიანობა, 8: ფინანსური ბაზარი, 9: ტექნოლოგიური სტატუსი, 10: ბაზრის მასშტაბი, 11: საწარმოები, 12: ინოვაციები

ილუსტრაცია 6. IEF-ის განვითარება ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებში [წყარო: The Heritage Foundation-ის მონაცემებზე დაყრდნობით ,2015]

 

ცხრილი 3 გვაჩვენებს, რომ 2000 წელს სლოვაკეთი 108-ე ადგილზე იყო IEF-ის რეიტინგში, რაც მისი ყველაზე დაბალი შედეგია. სლოვაკეთმა თავის საუკეთესო შედეგს 2007 წელს მიაღწია, ხოლო უნგრეთმა - 2008 წელს. ჩეხეთმა და პოლონეთმა ყველაზე მაღალი შედეგი 2015 წლის რეიტინგში დააფიქსირეს. ეკონომიკური თავისუფლების გრძელვადიანი კვლევა, რომელიც მოიცავს 177 ქვეყანას, გვიჩვენებს, რომ მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებს ახასიათებს უკეთესი ეკონომიკური საქმიანობა, მშპ-ის უფრო სწრაფი ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე დაბალი დონის ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებს. რაც უფრო თავისუფალი ეკონომიკა გააჩნია ქვეყანას, მით უფრო მდიდარია მისი მოსახლეობა - მას გააჩნია მეტი შემოსავალი, ქვეყნის ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება და მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ნაწილის ცხოვრების დონე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი დაბალია. ეკონომიკური თავისუფლება ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ შემოსავალზე, არამედ ცხოვრების ხარისხზეც. ეკონომიკური თავისუფლების ზრდის პარალელურად იზრდება ცხოვრების ხარისხი და კეთილდღეობაც.

დასკვნა

ქვეყნების მთავრობები ცდილობენ, შეიმუშაონ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საქმიანობასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხს. აღნიშნული კომპონენტების გაზომვა საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს ისეთი მაჩვენებელი, რომელიც არაორაზროვნად ასახავს მათ რაოდენობას. მშპ ყველაზე ფართოდ გამოყენებული მაჩვენებელია თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე ეკონომიკური საქმიანობის გასაზომად. თუმცა, პროფესიონალთა წრეებში უკვე დიდი ხანია ისმის კრიტიკა მშპ-ის მაჩვენებლის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყვა შტიგლიცის ანგარიში. აღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, მშპ დღესაც წარმოადგენს ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობის შეფასების გადამწყვეტ ფაქტორს. შტიგლიცის ანგარიშის რეკომენდაციებში შედის სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებზე მეტი ყურადღების გამახვილება, რადგან მაღალი მშპ ავტომატურად არ გულისხმობს წარმატებულ ეკონომიკას და კმაყოფილ საზოგადოებას. აღნიშნულ კრიტიკასთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით ჩამოყალიბდა ბევრი პარამეტრი (ინდექსი), რომელთა მიზანი იყო მშპ-ის ჩანაცვლება ან კეთილდღეობის სხვა ასპექტების დამატება. ვინაიდან  საქმიანობისა და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შეფასება ინდივიდუალური მაჩვენებლებით ხდება, ქვეყნების შიდა შედეგებიც კი ერთმანეთისგან განსხვავდება.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, ჩეხეთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის. მან მიაღწია საუკეთესო შედეგებს ერთ სულ მოსაზლეზე მშპ-ის, HDI-ისა და GCI-ის მაჩვენებლებში მთელ საანგარიშო პერიოდში, გარდა 2013 წლისა. რაც შეეხება მშპ-ის ზრდას, საკმაოდ დადებითი განვითარება დაფიქსირდა სლოვაკეთში. ეს განსაკუთრებით ეხება 2005–2008 წწ., როდესაც სლოვაკეთმა საუკეთესო შედეგები დააფიქსირა ვიშეგრადული ოთხეულის ქვეყნებს შორის. უნგრეთმა 2013 და 2014 წლებში მიაღწია მსგავს შედეგს. 2009 წლის კრიზისის შედეგად ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდა ყველა ქვეყანაში გარდა პოლონეთისა, სადაც შენარჩუნდა დადებითი ტენდენციები. გლობალური კონკურენტუნარიანობის კუთხით საუკეთესო შედეგები კვლავ ჩეხეთს ჰქონდა (გარდა 2013 წლისა, როდესაც პოლონეთი იყო პირველ ადგილზე). აღნიშნულ კომპონენტში ყველაზე უარესი შედეგები სლოვაკეთს ჰქონდა. 2013 წელს სლოვაკეთში დაფიქსირდა მასშტაბური ჩავარდნა. რაც შეეხება IEF-ის ინდექსს, 2005-2014 წწ. პერიოდში საუკეთესო შედეგები ჩეხეთსა და სლოვაკეთში დაფიქსირდა, ხოლო 2015 წელს - პოლონეთში. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://epp.eurostat.ec.europa.eu/portal/page/portal/eurostat/home/
  2. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/index.html
  3. http://www.visegradgroup.eu/ http://europa.eu/index_en.htm
  4. Barro, R. J. (1999). Inequality, growth and investments.
  5. NBER Working Paper No.7038, NBER. Buckley, P. J., Pass, C. L., & Prescott, K. (1992).
  6.  “The meaning of competitiveness”, Ch. 2 of Servicing International Markets: Competitive Strategy of Firms, Oxford: Blackwell. Chistruga, B., & Crudu, R. (2016).
  7. European integration and competitiveness of EU new member states. European Journal of Economics and Business Studies, 6(1), 175–185. Dasgupta, P., & Weale, M. (1992).
  8. On measuring the quality of life. World Development, 20(1), 119– 131. Eurostat. (2015).
  9.  Database. Retrieved from http://ec.europa.eu/eurostat/data/database Filippidis, I., & Katrakilidis, C. (2015).
  10. Finance, institutions and human development: Evidence from developing countries. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 28(1), 1018–1033. Goldsmith, A. (1995).
  11. Economic rights and government in developing countries: Cross national evidence on growth and development. Studies in Comparative International Development, 32(2), 29–44. Habánik, J., & Hostak, P. (2014).
  12. The competitiveness of regional economy and regional development. Economic and social development: 8th international scientific conference on economic and social development and 4th eastern European ESD conference: Building resilient economy. Varazdin: Varazdin development and entrepreneurship agency with University North, Koprivnica, 34–41. Hamada, R. (2014).
  13. Vybrané spôsoby a metódy merania a hodnotenia regionálnych disparít. Regionální rozvoj mezi teorií a praxí, 3(1), 21–34. Hanke, S. H., & Walters, S. J. K. (1997).
  14. Economic freedom, prosperity, and equality: A survey. Cato Journal, 17(2), 117–146. Ismail, N., & Hook, L. S. (2012).
  15. Economic freedom, inequality and growth. Proceedings of USMAUT International Conference (UAIC) 2012, Bayview Beach Resort, Penang, Malaysia, 683–690.
  16. Ivanović, V., & Stanišić, N. (2017). Monetary freedom and economic growth in New European Union Member States. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 30(1), 453–463. Kelley, A. (1991).
  17. The human development index: “Handle with care”. Population and Development Review, 17(2), 315–324. Kordos, M. (2012).
  18. US-EU bilateral trade relations – Transatlantic economic issues. ICEI 2012: Proceedings of the 1st International Conference on European Integration (pp. 131–139). VSB: Ostrava. Krugman, P. (1994). Competitiveness: A dangerous obsession. Foreign Affairs, 73(2), 28–44.
  19. Kutscherauer, A., Fachinelli, H., Hučka, M., Skokan, K., Sucháček, J., Tománek, P., & Tuleja, P. (2010). Regionální disparity. Disparity v regionálním rozvoji země – pojetí, teorie, identifikace a hodnocení. Ostrava: VŠB-TU Ostrava. Kuznets, S. (1973).
  20. Modern economic Growth: Findings and reflections. The American Economic Review, 63(3), 247–258. Leschke, M. (2000).
  21. Constitutional choice and prosperity: A factor analysis. Constitutional Political Economy, 11(3), 265–279. Lucas, R. (1988). On the mechanics of economic development. Journal of Monetary Economics, 22, 3–42. Lučić, D., Radišić, M., & Dobromirov, D. (2016). Causality between corruption and the level of GDP. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 29(1), 360–379. Michálek, A. (2012).
  22. Vybrané metódy merania regionálnych disparít. Geografický časopis, 64(3), 219–235. Neumannová, A. (2007). Podniková diagnostika. Bratislava: EKONÓM. Novak, M., & Pahor, M. (2017).
  23. Using a multilevel modelling approach to explain the influence of economic development on the subjective well-being of individuals. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 30(1), 705–720. Nurazira S., Dauda, M., Halim Ahmad, A., & Azman-Saini, W. N. W. (2013).
  24. Does external debt contribute to Malaysia economic growth? Economic Research-Ekonomska Istraživanja, 26(2), 51–68. Paraušić, V., Cvijanović, D., Mihailović, B., & Veljković, K. (2014).
  25. Correlation between the state of cluster development and national competitiveness in the Global Competitiveness Report of the World Economic Forum 2012–2013.
  26. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 27(1), 662–672. Porter, M. (1990).
  27. The competitive advantage of nations. London: MacMillan Press. Rašić Bakarić, I., Tkalec, M., & Vizek, M. (2016). Constructing a composite coincident indicator for a post-transition country. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 29(1), 434–445. Rejnuš, O. (2014).
  28. Finanční trhy. Praha: Grada Publishing. Schmidt, A. (2016). Friends forever? The role of the Visegrad Group and European integration. Politics in Central Europe, 12(3), 113–140. Schumpeter, J. A. (1934).
  29. The theory of economic development: An inquiry into profits, capital, credit, interest, and the business cycle (R. Opie, Trans.). Cambridge, MA: Harvard University. Retrieved from http://www.worldcat.org/title/theory-of-economic-development-an-inquiry-into-profitscapital-credit-interest-and-the-business-cycle/oclc/772145 Scully, G. W., & Slottje, D. J. (1991).
  30.  Ranking economic liberty across countries. Public Choice, 69, 121–152. Sen, A. (1988). The concept of development. In H. Chenery & T. N. Srinivasan (Eds.), Hand book of development economics (vol. III, pp. 9–26). Amsterdam: Elseiver Science Publishers. Sen, A. K. (1998).
  31.  Mortality as an indicator of economic success and failure. Economic Journal, 108(446), 1–25. Simionescu, M., Popescu, J., & Firescu, V. (2017).
  32. The relationship between gross domestic product and monetary variables in Romania. A Bayesian approach. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 30(1), 464–476. Solow, R. M. (1994). Perspectives on growth theory. Journal of Economic Perspectives, 8(1), 45–54. doi:10.1257/jep.8.1.45 Stiglitz, J., Sen, A., & Fitoussi, P. (2010).
  33. Report of the commission on the measurement of economic performance and social progress. Paris. Retrieved from http://www.stiglitz-sen-fitoussi.fr/en/index. htm Streeten, P. (1994). Human development: Means and ends. American Economic Review, 84(2), 232– 237. Svatošová, L., & Novotná, Z. (2012).
  34.  Regionální disparity a jejich vývoj v ČR v letech 1996–2010. Acta Universitatis Bohemiae Meridionales, The Scientific Journal for Economics, Management and Trade, 15(1), 103–110. Synek, M., Kopkáně, H., & Kubálková, M. (2009). Manažerské výpočty a ekonomická analýza. Praha: C.H. Beck.
  35. The Heritage Foundation. (2015).
  36. Index of economic freedom. Retrieved from http://www.heritage. org/index/ Torstensson, J. (1994). Property rights and economic growth: An empirical study. Kyklos, 47, 231–247. Trošt, M., & Bojnec, Š. (2015).
  37. Causality between public wage bill, exports and economic growth in Slovenia. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 28(1), 119–131. Tuleja, P. (2010).
  38. Praktická aplikace metod hodnocení regionálních disparit. Acta Academica Karviniensis, 1(1), 496–509. United Nations Development Programme. (2015). Human development report 2014. New York, NY: Author. Retrieved from http://hdr.undp.org/sites/default/files/hdr14-report-en-1.pdf Van der Bergh, J. (2009).
  39. The GDP paradox. Journal of Economic Psychology, 30(2), 117–135. Visegrad Group. (2017). About the Visegrad Group. Retrieved from http://www.visegradgroup.eu/ about Vojtovic, S., & Krajnakova, E. (2014). Enterprise management in the conditions of economic recession. International Conference: Political Sciences Law, Finance Economics &Tourism (pp. 177–184). Sofia: SGEM. World Economic Forum. (2014).
  40. The global competitiveness report 2014–2015. Geneva: Retrieved from www.weforum.org/gcrhttp://www3.weforum.org/docs/WEF_GlobalCompetitiveness Report _2014pdf Yakunina, R. P., & Bychkov G. A. (2015).
  41. Correlation analysis of the components of the human development index across countries. Procedia Economics and Finance, 24, 766–771. Yu, J., & Wang, C. (2013).
  42. Political risk and economic development: A case study of China. Economic Research-Ekonomska Istraživanja, 26(2), 35–50. Zalai, K., Dávid, A., Šnircová, J., Moravčíková, E., & Hurtošová, J. (2010). Finančno-ekonomická analýza podniku. Bratislava: Sprint dva.